Sunday 28 February 2016

ამ სფეროში უფრო და უფრო აქტუალური ხდება თემა "დამკვეთის უნდობლობა ინტერნეტით გაცნობილი ფიზიკური პირის მიმართ", ამის გამომწვევი არის ორი ძირითადი მიზეზი:

  1. 1.ფიზიკური პირები, რომლებმაც აიღეს საქმე და თავიანთი გამოუცდელობისა თუ შეზღუდული კომპიუტერული უნარ–ჩვევების გამო ვერ მიიყვანეს საქმე ბოლომდე, რაც დამკვეთს აფიქრებინებს, რომ მომავალში შეიძლება იგივე მოხდეს ფიზიკური პირის დაქირავების შემთხვევაში.
  2. 2.ფიზიკური პირი, რომელმაც ოცნების კუნძული წარმოუსახა დამკვეთს, მოსთხოვა ავანსის სახით საერთო თანხის ნაწილის წინასწარ ჩარიცხვა და იმ მომენტის შემდეგ აორთქლდა. ასეთი ტიპის ადამიანები არიან ტიპიური აფერისტები, რომლებმაც შესაძლოა არც კი იცოდნენ როგორ უნდა გააკეთონ ის, რაც დამკვეთს სურს. ან იციან, მაგრამ მარტივად ნაშოვნი ფული ურჩევნიათ.
რა არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი? 

ჩვენი მხრიდან, ვინც პატიოსნად ვშრომობთ, აღებული საქმე  ბოლომდე მიგვყავს და აქედან გამომდინარე, კმაყოფილი და მუდმივი დამკვეთებიც ბევრი გვყავს. ერთადერთი იარაღი ის არის, რომ განვდევნოთ ასეთი პირები.
forum.ge –ზე რამდენჯერმე წავაწყდი პოსტს სახელით "აღმოჩენილია ახალი აფერისტი".
ერთ–ერთ ასეთ შემთხვევას კი სერიოზული გაგრძელება მოჰყვა, რომლის სერიოზულობაც სასამართლოში სარჩელის შეტანით გამოისახება. არ ვიცი ეს პირი დასჯილი იქნა, თუ არა თაღლითობის გამო, მაგრამ ვხვდები, რომ ეს კარგი დასაწყისია. 
ჩვენ თავად უნდა მოვიკვეთოთ ასეთი პარაზიტები "სხეულიდან". რამდენიმე სასამართლოთი და მძიმე განაჩენის შემდეგ, ასეთი პარაზიტები შეშინდებიან და აღარ გააკეთებენ მსგავს სისულელეს.

მე პირადად ვარ ვებ დეველოპერი, წინა, 2015 წლის განმავლობაში შეკვეთები არ მაკლდა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც 6 პოტენციური დამკვეთი დამკავშირებია ერთი დღის განმავლობაში და სურდათ სხვადასხვა კატეგორიისა და სირთულის საიტის დამზადება. 
ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთ საიტზე ვმუშაობდი და ორი დამკვეთი ელოდებოდა როდის დავასრულებდი ამ საიტს, რომ შემდეგ მისთვის მიმეხედა. ამ რიგში მდგომი დამკვეთებისთვის უკვე ნაცნობი ვიყავი, რადგან ადრე მათთვის გამიწევია მსგავსი სახის სამუშაო და ამიტომ მელოდებოდნენ, თორემ სხვა შემთხვევაში სხვა დეველოპერს მოძებნიდნენ.

აი სად მივყავართ ამ საუბარს, ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ დამკვეთებს ამ ეტაპზე არ სჭირდებათ ჩემი მომსახურება.  ხოლო სხვა დამკვეთები, რომლებმაც არ იციან რამდენად სანდო ადამიანი ვარ და რამდენად შემიძლია მათი საქმის ბოლომდე მიყვანა აღარ რეკავენ. მე მაქვს რამდენიმე ერთეული უნიკალური პროექტი განხორციელებული და სხვა ბევრი სტანდარტული, სტანდარტულში ვგულიხსმობ არც თუ ისეთი რთული ფუნქციონალის საიტს.

დადგა 2016 წელი, უკვე თებერვალი მიიწურა, სადაცაა მარტი დაიწყება და მე ჯერ ერთი შეკვეთაც არ მქონია. ასეთი პარაზიტები აზარალებენ სხვა ფიზიკურ პირებს, რომლებიც პატიოსნად მუშაობენ და მათგან განსხვავებით აღებული საქმე ბოლომდე მიჰყავთ.
ვებრძოლოთ ასეთ უპასუხისმგებლო, გადამგდებ და არაფრის მაქნის ხალხს.

მადლობა ყურადღებისთვის, შემდეგი სტატიის თემა იქნება "ხალხი, რომელიც ბაზარზე ფასს აგდებს, ანუ 50 ლარიანი საიტები".

0 კომენტარი:

Post a Comment